ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადადგამს, რეგიონის ყველა ქალაქში პიკეტირებას მოაწყობენ და ავტობანს გადაკეტავენ.
ქუთაისში დღეს გამართულ აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული გახდება, მათი სამართლიანი მოთხოვნები შეასრულოს.
გოლეთიანმა განაცხადა, რომ თუ ამანაც არ იმუშავა, აქციები თბილისში დაიწყება.
რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, გოლეთიანის თქმით, ღამეს ქუთაისის ცენტრში გაათევენ, დილით კი გუმათში დაბრუნდებიან.
რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ.
ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.
ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა. ასევე, აუკრძალა ჯებირებზე ბრახუნი და პროტესტის ასე გამოხატვა.
იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილს თქმით, ამას 2 მიზეზი აქვს: სამძებრო სამუშაოები - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. და ის, რომ "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში".